• RSS

თემები

 

სიახლეები

 

სექციები

03.12.2010

საქართველოს ახალგაზრდობა – მშვიდობიანი მომავლისა და რუსეთთან კავშირების განვითარებისთვის

Saturday Nov 20, 2010

ოქტომბერს, რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, რია ნოვოსტის და საინფორმაციო სააგენტო ინფოროსის ორგანიზებით მოსკოვში ჩატარდა ჟურნალისტიკური ნაშრომების საერთაშორისო კონკურსის – „სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავალი: საერთო ისტორია და თანამედროვეობა“ – ფინალი. დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოდან 11 საუკეთესო ნაშრომის ავტორები იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის გაზეთ „ერეკლეს გზის“ რედაქტორი, ერეკლე მეორის საზოგადოების სპიკერი, მაია ხინჩაგაშვილი. ეს გაზეთი ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით გამოდის. იგი ორენოვანი გაზეთია და სწორედ იმ მიზნებს ემსახურება, რომლებიც კონკურსის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. დღეისათვის გაზეთის 9 ნომერია გამოსული. გაზეთი უფასოდ ვრცელდება და იგი მკითხველმა უკვე შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ გაზეთის ბოლო ორი ნომრის გამოცემა დააფინანსა ქართველმა მეცენატმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ბატონმა ალექსანდრე ებრალიძემ. მისივე ხელშეწყობით გამოიცა ორენოვანი საინფორმაციო ჟურნალი „გეორგიევსკის ტრაქტატი – სახე ფიცისა“, რომელიც გაზეთებთან ერთად ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდა.

კონკურსის დებულებით ჟიური აფასებდა ისეთ ნაშრომებს, რომლებიც ასახავდა რუსეთ-საქართველოს შორის მშვიდობის დამყარებას და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, ასევე ორი ქვეყნის ისტორიას და ერთობლივ ჰუმანიტარულ პროექტებს.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტები, ორგანიზატორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რუსი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

ახალგაზრდა ჟურნალისტებს მიესალმა და წარმატება უსურვა რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა ვლადიმერ ხომერიკმა. ეს ღონისძიება ერთადერთი არ არის, რომელიც მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით იმართება. ბატონი ვლადიმერი და მისი მეგობრები არაფერს იშურებენ ქართველ და რუს ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გარდა რუსმა მასპინძლებმა ახალგაზრდა ჟურნალისტებს საინტერესო კულტურული პროგრამაც მოუმზადეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა-სემინარები მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების და ტელეარხ „მირის“ კოლექტივის მონაწილეობით. ქართველმა ახალგაზრდებმა მოინახულეს მოსკოვის ღირსშესანიშნავი ადგილები, შეხვდნენ რუს კოლეგებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დასასრულს გაიმართა კონცერტი ქართველი მოცეკვავეების მონაწილეობით.

ეს რამდენიმე დღე ნამდვილ ზეიმად იქცა ღონისძიების მონაწილეებისთვის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო სითბო და სიყვარული, რომელსაც მოსკოველი თანატოლები თუ უფროსი თაობა ქართველი სტუმრების მიმართ გამოხატავდა. დაე იმრავლოს ღონისძიებებმა, რომლებიც ქართველთა და რუსთა შორის ძმობის აღდგენას მოემსახურება. ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს სტუმართმოყვარეობისთვის და, რაც მთავარია, ძალზე საჭირო და დროული ინიციატივის განხორციელებისთვის.

მაია ხინჩაგაშვილი

გაზეთ „ერეკლეს გზის“ რედაქტორი

 

გამოკითხვა

კალენდარი

 
MoTuWeThFrSaSu
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031